ვიდეო და აუდიომონიტორინგი:
წესები, შეზღუდვები და რეკომენდაციები

14 აპრილი 2025
ანა ბაქრაძე, პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი/იურისტი/ადვოკატი
  • რა უნდა გააკეთოთ თუ გსურთ თქვენს ოფისში/სავაჭრო ობიექტზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება?
პირველ რიგში, მანამდე, სანამ განახორციელებთ ვიდეომონიტორინგს, დაადგინეთ თუ რა მიზნები და საფუძველი გაქვთ აღნიშნულისათვის. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია ის საფუძვლები, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს ვიდეომონიტორინგი, მათ შორის: დანაშაულის თავიდან აცილება, მისი გამოვლენა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, არასრულწლოვანის დაცვა, გამოცდა/ტესტირება, უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა და ა.შ.

ვიდეომონიტორინგის განხორციელების აუცილებელი პირობა არის ის, რომ იგი მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალება უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ ახორციელებთ ვიდეომონიტორინგს თქვენს ოფისში/სავაჭრო ობიექტზე აუცილებელია წერილობით განსაზღვროთ ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.

სავალდებულოა უზრუნველყოთ ვიდეომონიტორინგის სისტემისა და ვიდეოჩანაწერების დაცვა და ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, მათ შორის, წვდომის დროისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა.

ასევე, აუცილებელია ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების, ე.წ. "სტიკერების" განთავსება, რომლებზეც აღნიშნული იქნება შემდეგი: შესაბამისი წარწერა, მარტივად აღქმადი გამოსახულება ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდება და მისი საკონტაქტო მონაცემები.
  • სად არის დაუშვებელი ვიდეომონიტორინგის განხორციელება?
ვიდეომონიტორინგის განხორციელება დაუშვებელია: გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ან ისეთ სივრცეში, სადაც პირს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.

დასაქმებულის სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ შესაბამისი მიზნის მიღწევა შეუძლებელია სხვა საშუალებებით ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას.

იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ზემოთ აღნიშნული პირობა და მიმდინარეობს დასაქმებულის სამუშაო სივრცის ვიდეომონიროინგი, აუცილებელია იგი წერილობითი ფორმით გააფრთხილოთ აღნიშნულის თაობაზე.
  • რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ თანამშრომლების ან მომხმარებლების ფოტო ან ვიდეო გადაღება და მათი განთავსება სოციალურ ქსელებში ან ვებგვერდზე?
იმისათვის, რომ მოიპოვოთ თანამშრომლების ან მომხმარებლების ფოტო ან ვიდეო გადაღების უფლება, ამას პირდაპირ უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობა ან უნდა არსებობდეს ზემოთ აღნიშნული პირების თანხმობა (რეკომენდირებულია წერილობითი ფორმა);

მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცხადებამდე, აუცილებელია მისთვის მათ შორის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
  • რა მიზნით ხორციელდება ვიდეო ან ფოტო გადაღება;
  • სად განთავსდება გადაღებული ფოტო ან ვიდეო მასალა;
  • ვის გადაეცემა გადაღებული ფოტო ან ვიდეო მასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • რა ვადით იქნება შენახული ფოტო ან ვიდეო მასალა;
  • რა უფლებებით სარგებლობს მონაცემთა სუბიექტი.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს მის მეირ გაცემული თანხმობა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ან მომხმარებელი მოითხოვს ფოტო ან ვიდეო მასალის დამუშავების შეწყვეტას ან მათ წაშლას სოციალური ქსელიდან/ვებგვერდიდან, თქვენ, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებული ხართ წაშალოთ ფოტო/ვიდეო მასალა/შეწყვიტოთ მონაცემთა დამუშავება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარდა არსებობს სხვა, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი).
  • რა შემთხვევაშია დასაშვები აუდიომონიტორინგის განხორციელება?
აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია თუ:
  • არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
  • თუ იგი საჭიროა საქმო ჩანაწერის განსახორციელებლად;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად თუ განსაზღვრულია სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;
  • საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

იმ შემთხვევაში თუ ახორციელებთ აუდიომონიტორინგს აუცილებელია წერილობით განსაზღვროთ აუდიომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, აუდიომონიტორინგის ხანგრძლივობა და აუდიომონიტორინგის შენახვის ვადა, აუდიომონიტორინგის წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.

აუცილებელია მონაცემთა სუბიექტი წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე იქნას გაფრთხილებული აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განემარტოს უარის თქმის თაობაზე მისი უფლებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ისევე, როგორც ვიდეომონიტორინგის შემთხვევაში, აქაც შესაბამის შემთხვევებში საჭიროა გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც უნდა შეიცავდეს: შესაბამის წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს.
  • რა არის პირდაპირი მარკეტინგი?
პირდაპირი მარკეტინგი არის ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
  • რა შემთხვევაში არ არის საჭირო სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა?
მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით ხდება მონაცემთა შეგროვება/მოპოვება, ასევე მიუხედავად მათი ხელმისაწვდომობისა, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (ანუ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავება) შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მუშავდება სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა სხვა მონაცემებიც, აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობის დადასტურება მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება, შესაბამისად რეკომენდირებულია წერილობითი თანხმობა ან სხვა ელექტრონული, დადასტურებადი საშუალებით მიღებული თანხმობა.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram