"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების სხვადასხვა საფუძველსა და პროცედურას.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია საგამონაკლისო წესით. ამ წესით მოქალაქეობის მოპოვებისათვის უცხოელმა უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვოს მოქალაქეობის მინიჭება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და ის ან მისი წინაპარი არის საქართველოს ტერიტორიიდან სხვადასხვა დროს რთული პოლიტიკური ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;
ბ) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ან ასეთი პირის შთამომავალი
ამ ორი საფუძვლით მიმართვისას საჭიროა ტესტირების ჩაბარება ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნაში. აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხთა კომისიასთან გასაუბრება, რათა კომისიამ დაადგინოს პირის საქართველოსთან სარწმუნო კავშირი და განსაზღვროს, არსებობს თუ არა სახელმწიფოს ინტერესი ამ პირისათვის მოქალაქეობის მისანიჭებლად.
აგრეთვე, შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის სხვა საფუძვლებით მოპოვება:
- ჩვეულებრივი წესით, თუ უცხოელი საქართველოში ლეგალურად ცხოვრობს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში;
- გამარტივებული წესით, თუ პირი დაქორწინებული არის საქართველოს მოქალაქეზე და არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრობს საქართველოში;
- სპეციალური წესით, თუ პირი საქართველოს ტერიტორიაზე არის დაბადებული, არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობა არ დაუდგინდა;
- არასრულწლოვანისათვის მოქალაქეობის მინიჭება, თუ არასრულწლოვანს საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია და მისმა ერთ-ერთმა მშობელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ყველა ამ საფუძვლით მოქალაქეობის მისაღებად, გარდა საგამონაკლისო წესისა, რომელიც ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას, პირმა უნდა გაიაროს ტესტირება ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლებში და უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე.