საგადასახადო რეზიდენტის სტატუსის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს საქართველოში ნახევარ წელზე (183 დღეზე) მეტი დროის განმავლობაში, ზედიზედ 12 კალენდარული თვის მანძილზე.ამასთან, საგადასახადო რეზიდენტობა განისაზღვრება იმ წელს, როდესაც აღნიშნული პერიოდი სრულდება. (თუ 183-დღიანი პერიოდი სრულდება 2021 წლის 31 დეკემბერს, თქვენ ხართ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი 2021 წლისთვის, ხოლო თუ ეს პერიოდი სრულდება 2022 წლის 1 იანვარს, თქვენ ხართ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი 2022 წლისთვის).
ამასთან, საქართველოში ფაქტობრივი ყოფნის დროში არ ითვლება ის დრო, როდესაც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:
- როგორც პირი, რომელსაც აქვს დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსი, ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;
- როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ან როგორც უცხო სახელმწიფოს სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი საქართველოში, ან ასეთი პირის ოჯახის წევრი (საქართველოს მოქალაქეების გამოკლებით);
- როდესაც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება გადაადგილება ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში;
- მკურნალობის ან დასვენების მიზნით.