ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვესაჩივრებინა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დასკვნები. სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ აბსოლუტურად ანალოგიურ ვითარებაში (მარია და გიორგის მსგავსად) კომისიას ადრე სხვა სახის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, კერძოდ, გაცემული ჰქონდათ მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია. ჩვენ ასევე წარვადგინეთ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა ჩვენი კლიენტების კავშირებს საქართველოსთან.
გარდა ამისა, გავამახვილეთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა ინფორმაციის დამალვის რაიმე განზრახვა და რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს როგორც სააგენტოს როლი, ისე ის გარემოებები, რომლებსაც შესაძლოა კომისია სხვა დასკვნამდე მიეყვანა.
საქმის მიმდინარეობა:
პირველი ინსტანცია: 2022 წლის დეკემბერში ჩვენ შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ. 2023 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
სააპელაციო ინსტანცია: გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა 2024 წლის აპრილში სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება;
კასაცია (უზენაესი სასამართლო): გავაგრძელეთ ბრძოლა და საჩივარი შევიტანეთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2024 წლის ოქტომბერში უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი საკასაციო საჩივარი. 2025 წლის მაისში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ) გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება — დააკმაყოფილა მარიასა და გიორგის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი. უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დააკისრა შემდეგი ვალდებულება: გასცეს დადებითი დასკვნები მარიასა და გიორგის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.
უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნები არ იყო საკმარისად დასაბუთებული და არ შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც გამორიცხავდა განმცხადებელთა მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირობებთან შეუსაბამობას. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მარიამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის მხრიდან წარმოდგენილ მასალებში არ იძებნებოდა არც ერთი ნეგატიური ინფორმაცია განმცხადებელთა შესახებ. უზენაესმა სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ მარია დაბადებულია საქართველოში, ჰყავს აქ მცხოვრები ნათესავები და გააჩნია უძრავი ქონება, ხოლო ემიგრაცია გამოწვეული იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით.