იმ პირთა სია, რომლებსაც შეუძლიათ მოითხოვონ ცნობის გაცემა, აგრეთვე ამისთვის საჭირო დოკუმენტების ერთობლიობა და შემთხევევბი, რა დროსაც ცნობა არ გაიცემა, ჩამოთვლილია „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მე-16 და მე-17 მუხლებში (დოკუმენტი დამტკიცებულია შს-ს მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით, ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ
ბმულზე).
მაშასადამე, ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა:- მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით (სუბიექტი ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც მუშავდება);
- მესამე პირის მოთხოვნით მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ან ამ დოკუმენტის ასლის), ასევე მესამე პირის მოთხოვნით, რომელსაც სუბიექტმა გადასცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
- კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.
ცნობის მისაღებად თქვენ უნდა წარმოადგინოთ:- დაინტერესებული პირის განცხადება იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით, რომლის სახელითაც გამოითხოვება ცნობა (ამ მონაცემებში შედის სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირადობის მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი);
- დაინტერესებული პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი არის იურიდიული პირი – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები);
- სუბიექტის წერილობითი თანხმობა ან მისი ასლი (თუ მომსახურებას ითხოვს მესამე პირი, საჭიროა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი თავისუფლდება მისგან.
ნასამართლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:- მას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
- არ არის გადახდილი მომსახურების გაწევისთვის საქართველოს კანონით დადგენილი საფასური;
- წარდგენილი დოკუმენტების სია არასრულია ან შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტის/მესამე პირის იდენტიფიცირება;
- შეუძლებელია კონკრეტული პირის ნასამართლობის ან/და ძებნაში ყოფნის გარემოებების დადგენა;
- მონაცემთა სუბიექტი გარდაიცვალა;
- საჭირო ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდულია კანონით ან არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.
ცნობის საფასური რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
კანონით. 3 სამუშაო დღის განმავლობაში ცნობის გაცემის საფასური შეადგენს 20 ლარს, 1 სამუშაო დღის განმავლობაი კი - 40 ლარს. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუკავშირდეს სააგენტოს იუსტიციის სახლის ან ფილიალის, აგრეთვე დაწესებულების
ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ცნობა ძალაშია გაცემიდან/მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.