სრული სიმართლე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის შესახებ როგორც ადგილობრვი, ასევე უცხოელებისთვის საქართველოში. არის თუ არა საჭირო საქართველოში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადახდა? როგორია საგადასახადო განაკვეთი და გადახდის ვადები?საქართველოში ბევრი ჩამოსულია და ყველა მათგანი ტურისტი არ არის. აქ ბევრი ფრილანსერია — IT-სფეროს წარმომადგენლებიდან დაწყებული, გამორჩეული სტილისა და კრეატივის მქონე ფოტოგრაფებითა და დიზაინერებით დამთავრებული. ქვეყანაში მრავლად არიან ექსპატებიც, რომლებიც დაქირავებით მუშაობენ. მართებთ თუ არა მათ საქართველოში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადახდა? როგორია საგადასახადო განაკვეთი და გადახდის ვადები? როგორ უკავშირდება საგადასახადო ვალდებულებები საქართველოში მათი მოქალაქეობის ქვეყნის საგადასახადო ვალდებულებებს? არსებობს თუ არა განსხვავება ადგილობრივებისა და უცხოელების საშემოსავლო გადასახადებს შორის? — მოდით, გავერკვეთ.
ვინაიდან სტატიაში საუბარია უცხოელებზე, თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საგადასახადო მიზნებისთვის უცხოელები (ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები) იყოფა 2 კატეგორიად:
- საქართველოს საგადასახადო რეზიდენტები — საერთო წესის თანახმად, ესენი არიან პირები, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან 183 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებისმიერი ზედიზედ 12 კალენდარული თვის პერიოდში, ან პირები, რომლებმაც მიიღეს საგადასახადო რეზიდენტობა მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის (HNWI) სტატუსის სპეციალური პირობებით (საქართველოს მოქალაქე, უცხოელი, მოქალაქეობის არმქონე პირი — ბინადრობის ნებართვისა თუ მოქალაქეობის ქონას მნიშვნელობა არ აქვს).
- პირები, რომლებიც არ არიან საგადასახადო რეზიდენტები - ყველა დანარჩენი პირი.
ზოგადი წესი ასე ჟღერს: „ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.“დაქირავებით საქმიანობითა და მომსახურების გაწევით/სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებთან მიმართებით: შემოსავლის წყარო საქართველოშია, თუ შემსრულებელი სამუშაოს ასრულებს
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ან ეწევა მომსახურებას/ასრულებს სამუშაოს
საქართველოს ტერიტორიაზე. სამუშაო შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის — ავეჯის დამზადება თუ ფსიქოლოგის კონსულტაცია Skype-ით, ზანზიბარის ბაზრების მარკეტინგული კვლევა თუ Apple-ისთვის პროგრამული პროდუქტის შემუშავება. მთავარია, რომ თქვენ თქვენს საქმიანობას ახორციელებთ საქართველოში.
საქართველოს
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, თუ მუშაობისთვის მხოლოდ პირად ლეპტოპს იყენებთ, ხოლო პროდუქტის შექმნის პროცესი თქვენს გონებაში ან ვირტუალურ სამყაროში მიმდინარეობს, თქვენ მაინც ეწევით მომსახურებას საქართველოში იმის გამო, რომ
ფიზიკურად იმყოფებით აქ, სარგებლობთ ელექტროენერგიითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით.
აქვს თუ არა მნიშვნელობა შემოსავლის მიღების ფორმას?არა. შემოსავალი, მიღებული როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ფორმით, ექვემდებარება დაბეგვრას. ეს ეხება PayPal-ის და სხვა ანალოგიური საგადახდო სისტემების მეშვეობით განხორციელებულ გადახდებს. ეს ასევე ეხება თქვენ მიერ უცხოური ბანკის ანგარიშებზე მიღებულ შემოსავლებს. მართალია, შემოსავლების სამსახურისთვის მსგავსი გადახდების, ისევე როგორც ნაღდი ანგარიშსწორების კონტროლი (მიდევნება) მარტივი არ არის.
რა მოხდება, თუ დამკვეთი საზღვარგარეთ იმყოფება?საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამკვეთი შეიძლება იყოს ქართული კომპანია ან ფიზიკური პირი, უცხოური კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოში მყოფი უცხოელი, უცხოური კომპანია — მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ყველა მათგანს მომსახურებას უწევთ ან სამუშაოს ასრულებთ საქართველოს ტერიტორიაზე.
საგადასახადო განაკვეთი და დასაბეგრი შემოსავალი:1. ფიზიკური პირი — საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი: იხდის საშემოსავლო გადასახადს მიღებული შემოსავლის 20%-ის ოდენობით.
2. პირის შემოსავალი, რომელიც არ არის საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, იბეგრება შემდეგი განაკვეთით:
- 20%-იანი განაკვეთით იბეგრება ქართველი დამსაქმებლისგან მიღებული ხელფასი, ასევე არარეზიდენტის მიერ უცხოელი დამკვეთებისგან მიღებული შემოსავალი;
- 10%-იანი განაკვეთით იბეგრება ქართული კომპანიისგან ან ინდივიდუალური მეწარმისგან (იმ) მიღებული შემოსავალი, რომელიც არ უკავშირდება დაქირავებით საქმიანობას (გაითვალისწინეთ უკუდაბეგვრის დღგ წყაროსთან).
3. თუ შემსრულებელს აქვს ინდივიდუალური მეწარმის (იმ) სტატუსი: მის შემოსავალზე ირიცხება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი. შემოსავალი განისაზღვრება, როგორც სხვაობა მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და სამუშაოს შესრულებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ გაწეულ ხარჯებს შორის (მათ შორის (სიტუაციიდან გამომდინარე) მასალების შეძენა, კომუნალური გადასახადები, ინტერნეტი).
4. თუ შემსრულებელი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმე: საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1%-ის ოდენობით (სანამ შემოსავლის მოცულობა ზედიზედ 12 თვის განმავლობაში არ გადააჭარბებს 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს).
ვინ უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი – შემსრულებელმა თუ დამკვეთმა? ინდივიდუალური მეწარმე (იმ) გადასახადს ითვლის და იხდის დამოუკიდებლად, თუმცა ხელშეკრულებით იმ-შემსრულებელმა შესაძლოა ეს ვალდებულება დამკვეთს დააკისროს. ფიზიკური პირის (ყოველგვარი სტატუსის გარეშე) ხელფასიდან და ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადს აკავებს და იხდის დამსაქმებელი (დამკვეთი) გადახდის წყაროსთან.
გახსოვდეთ, რომ:- თუ თქვენი დამსაქმებელია (ა) უცხოური კომპანია (რომელსაც არ აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) ან (ბ) საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) რეგისტრირებული კომპანია, საშემოსავლო გადასახადის გამოთვლა და ბიუჯეტში გადახდა მოგიწევთ დამოუკიდებლად.
- თუ თქვენ ხართ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ-ი, წელიწადში 6 000 ლარი, რომელსაც ანაზღაურების სახით უხდით თქვენს თანამშრომლებს ან დაქირავებულ ფრილანსერებს, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
- თუ თქვენ ქირაობთ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულებით, შესაძლებელია ორი ვარიანტი:
ა) თქვენ მას ქირაობთ სწორედ როგორც მიკრომეწარმეს – ამ შემთხვევაში ანაზღაურება არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით წყაროსთან, ხოლო გადახდილი თანხა თქვენ მიერ არ გამოიქვითება ხარჯებში საგადასახადო მიზნებისთვის. თქვენი შემსრულებელი (მიკრომეწარმე) მიღებულ ანაზღაურებას თვლის მიკრო ბიზნესის დასაშვებ შემოსავალში (30 000 ლარი).
ბ) თქვენ მას ქირაობთ როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც მიკრომეწარმეს – ამ შემთხვევაში ანაზღაურება იბეგრება საშემოსავლო გადასახადით წყაროსთან, ხოლო გადახდილი თანხა თქვენ მიერ გამოიქვითება ხარჯებში საგადასახადო მიზნებისთვის. თქვენი შემსრულებელი მიღებულ ანაზღაურებას არ თვლის მიკრო ბიზნესის დასაშვებ შემოსავალში (30 000 ლარი). მარტივად რომ ვთქვათ, დაქირავებით მუშაობისას შემსრულებელი მოქმედებს მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღმა.
ხელშეკრულების დადებისას მიაქციეთ ყურადღება, ანაზღაურების რა თანხაა მითითებული და გაითვალისწინეთ გადასახადები.
ვინ და როდის უნდა წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია? როდის უნდა გადაიხადოთ გადასახადი?- ინდივიდუალური მეწარმეები (იმ) ვალდებულნი არიან საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარადგინონ ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 მარტამდე. გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს იმავე ვადებში.
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარადგინონ ყოველთვიურად, შემოსავლის მიღების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე და იმავე ვადაში გადაიხადონ საანგარიშო თვის გადასახადი.
ფიზიკური პირები სტატუსის გარეშე ვალდებულნი არიან საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარადგინონ საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 მარტამდე. გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს იმავე ვადებში.
პასუხისმგებლობა დეკლარაციის წარუდგენლობისა და გადასახადის გადაუხდელობისთვის:- თითოეული საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობისთვის ჯარიმა შეადგენს 100 ლარს.
- გადასახადის გადაუხდელობისთვის ჯარიმა განისაზღვრება საგადასახადო დანაკლისის თანხის 50%-ის ოდენობით.
- გადასახადის გადახდის ვადის გადაცილებისთვის საურავი = 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საგადასახადო რეზიდენტობის ქვეყანაში გადასახადის გადახდის აუცილებლობა (საქართველოს არარეზიდენტებისთვის) დამოკიდებულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების პირობებზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავსი შეთანხმება არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას რუსეთში, რუსეთის ფედერაციაში დადგენილი განაკვეთებით.
არსებობს სასიხარულო სიახლეც: თუ თქვენ ხართ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, თქვენი საზღვარგარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (ქონების იჯარით გაცემითა და გაყიდვით მიღებული შემოსავალი, დივიდენდები და ა.შ.) საქართველოში საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.