თავიდანვე ავღნიშნოთ, რომ ეს დოკუმენტი არ იძლევა ახალი ნივთების გაცვლის ან დაბრუნების საშუალებას და არ ადგენს სერიოზულ ჯარიმებს, რომლებიც შეიძლება რომ მომხმარებლის სასარგებლოდ დაეკისროს მოვაჭრეს სასამართლო წესით. ამავდროულად, ის უმეტესწილად „მორგებულია“ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად ცვალებადი მექანიზმის გამოწვევებზე, რადგან მოიცავს ონლაინ ვაჭრობის პროცესის რეგულაციებს. აღსანიშნავია, რომ კანონის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭება.
როგორც ცნობილია, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „საცალო ნასყიდობის ხელშეკრულების“ ცნება. სამოქალაქო სამართლის სპეციალური წესები, რომლებიც დაარეგულირებდნენ ამ ტიპის ურთიერთობებს, ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ახალი კანონი ამ ხარვეზს ავსებს. კერძოდ, საქართველოში საქონლისა და მომსახურების მომხმარებლებს გაუადვილდებათ ნაკლის მქონე საქონელთან დაკავშირებული გარიგებების გაუქმება: კანონის მე-17 მუხლი მიუთითებს, რომ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტის მყიდველს უფლება აქვს გაუგგზავნოს მოვაჭრეს პრეტენზია, ან მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება, ან პროდუქტის უფასო შეკეთება ან შეცვლა გონივრულ ვადაში. საქონლის ფასის შემცირების ან ხელშეკრულების სრულად შეწყვეტის უფლება წარმოიშვება მაშინ, როდესაც შეკეთება სრულიად შეუძლებელია ან, ვთქვათ, თუ მოვაჭრემ არ შეაკეთა ნივთი გონივრულ ვადაში, ხოლო მყიდველმა უკვე დაკარგა ინტერესი შესრულების მიმართ. ამასთან, საკვირველია, რომ მოვაჭრეს არ მოეთხოვება საქონლის ხარისხის ექსპერტიზის ჩატარება პრეტენზიის განხილვის ეტაპზე.
უნდა ითქვას, რომ მყიდველს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა ან არ არსებობს საერთოდ.
საგულისხმოა, რომ ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ საქონლის საცალო ყიდვაზე და რეალიზაციაზე მაღაზიებში, არამედ საქონლის დისტანციურად გაყიდვაზეც ინტერნეტის საშუალებით, ნიმუშებით ვაჭრობაზე, საქონლის მიწოდებით რეალიზაციაზე და აგრეთვე სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებაზე.
მომხმარებელის უფლებების დარღვევით გამოწვეული მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: როდესაც მომხმარებელი დისკრიმინირებულია საქონლის ან მომსახურების საჯარო შეთავაზებისას, მაგალითად, ეროვნების, რასის ან სქესობრივი ნიშნის მიხედვით. მსგავსი ნიშნით განხორციელებული ქმედებები აკრძალულია კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.