ეტიკეტი - ეს არის მწარმოებლის ოფიციალური განცხადება პროდუქტის შესახებ. №301 დადგენილება მოითხოვს, რომ მომხმარებელმა მიიღოს გასაგები, უტყუარი და არა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია სურსათის შესახებ.
საქართველოში გასაყიდად სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დამატებით შესაძლებელია რუსული, ინგლისური ან სხვა ენის გამოყენება, მაგრამ ქართულენოვანი ინფორმაცია არ უნდა იყოს უბრალოდ ფორმალობისთვის.
ეტიკეტზე ჩვეულებრივ მოწმდება: პროდუქტის დასახელება, შემადგენლობა, ნეტოს რაოდენობა, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, პასუხისმგებელი ოპერატორის მონაცემები, პარტია, წარმოშობის ქვეყანა ან წარმოების ადგილი, ალერგენები, კვებითი ღირებულება (თუ ის სავალდებულოა ან ნებაყოფლობით არის დეკლარირებული), ასევე გამოყენების ინსტრუქცია, თუ მის გარეშე პროდუქტი შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეფუთვის წინა მხარეს. სწორედ ის აყალიბებს მომხმარებლის მოლოდინს. თუ მსხვილად აწერია „100% მანდარინი“, ხოლო შემადგენლობაში არის ვაშლის ბაზა, სიროფი ან სხვა ხილის დანამატები, ეს უნდა გადამოწმდეს ბეჭდვამდე. თუ აწერია „უშაქროდ“, მაგრამ გამოყენებულია თაფლი, სიროფი ან კონცენტრატი, ესეც რისკია. თუ პროდუქტს ეწოდება „საბავშვო“, „სამკურნალო“, „იმუნიტეტისთვის“ ან „სასარგებლოა გაციებისას“, ამას ცალკეული საფუძვლები სჭირდება, თუმცა ასეთი განცხადებების გამოყენებას სჯობს თავი აარიდოთ.
მაგალითი პრაქტიკიდან: კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს საქმე ნატურალური წვენების მწარმოებელ შპს „კამპას“ (Campa LLC) წინააღმდეგ. შეფუთვის წინა მხარეს იყო მითითებული „100% ალუბლისა და ბროწეულის წვენი”, მაგრამ უკანა მხარეს, წვრილი შრიფტით მითითებული იყო, რომ პროდუქტი შეიცავდა 80% ვაშლის კონცენტრატს და მხოლოდ 10% ალუბლისა და 10% ბროწეულის კონცენტრატს. სააგენტომ ასეთი მარკირება მომხმარებლის შეცდომაში შემყვანად მიიჩნია და კომპანიას შეფუთვაზე ინფორმაციის შეცვლა დაავალა (დეტალებისთვის იხილეთ GCCA-ის
გადაწყვეტილება/სიახლე).
ჯემების მწარმოებლებისთვის ეს მაგალითი ძალიან საგულისხმოა. შეცდომა ეტიკეტზე შეიძლება არანაკლებ სახიფათო იყოს, ვიდრე შეცდომა ხელშეკრულებაში.