ნარჩენების მართვის პროცესების კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტრო, მუნიციპალური ადმინისტრაცია და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. პირი, რომელიც მიიღებს ასეთ ოქმს, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან გონივრულ ვადაში გაასუფთავოს ტერიტორია ნარჩენებისგან. ამასთან ერთად, კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმები, რომლებიც დამოკიდებულია არასწორად განთავსებული სამშენებლო/ინერტული ნარჩენების მოცულობაზე:
- 1 მ3-მდე მოცულობის – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
- 1 მ3-დან 10 მ3-მდე მოცულობის – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
- 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევები ხასიათდება შემდეგის სახის მახასიათებლებით:
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
- 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
- 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.