განცხადების განხილვის დროს სააგენტო ხელმძღვანელობს „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება N2“-ით. დადგენილების თანახმად განმცხადებლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებისთვის სააგენტო მიმართავს შსს-ს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუ რომელიმე უწყებიდან მიღებული იქნება დასკვნა მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ, სააგენტო სახელმწიფო უსაფრთოხების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძვლით მოამზადებს უარყოფით დასკვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის.
პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეობის განცხადებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლებით.
რაც შეეხება ტესტირებას და კომისიასთან გასაუბრებას, სააგენტო განმცხადებელს აცნობებს თარიღს განცხადების განხილვის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე მაინც. ტესტირება და გასაუბრება ტარდება ერთ დღეს, ერთ სივრცეში, სხვადასხვა ოთახებში. ტესტის ჩაბარებისთვის აუცილებელია რომ თითოეულ კატეგორიაში 10 შეკითხვიდან განმცხადებელმა დააგროვოს 7 სწორი პასუხი (ტესტის კითხვები და პასუხები შეგიძლიათ იხილოთ აქ). ტესტირების შემდეგ განმცხადებელი გაივლის გასაუბრებას - განცხადების განხილვის ყველაზე რთული ეტაპი. გასაუბრების ფარგლებში კომისიისგან მოსალოდნელია შეკითხვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- ოჯახი;
- საცხოვრებელი ქვეყანა;
- საქმიანობა;
- ქონება;
- საქართველოში ჩამოსვლის სიხშირე და სხვ.
გასაუბრების მიზანია - განმცხადებლის კავშირის დადგენა საქართველოსთან. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ სააგენტო რამდენიმე დღეში ამზადებს დასკვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (გასაუბრების ოქმთან ერთად, რომელიც გასაუბრების დროს დგება). დასკვნა არის დადებითი ან უარყოფითი.