3 იანვარი 2025

მცირე ბიზნესი საქართველოში 2025: განახლებული საგადასახადო დეკლარაცია და სხვა სიახლეები

ახალი დეკლარაციის ფორმის დეტალური განხილვა, მისი შევსების წესები მაგალითებით, ასევე სხვა ცვლილებები, რომლებიც შეეხება მცირე ბიზნესს საქართველოში 2025 წელს.
  • მაკა ყარსიმაშვილი
    JUST ფინანსების ხელმძღვანელი
საქართველოში მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, ამჟამად რეგისტრირებულია 643,834 ინდივიდუალური მეწარმე. ზოგი მათგანი არ არის აქტიური, ნაწილი საერთო წესით იბეგრება, თუმცა უმრავლესობა სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, რადგან ის ითვლება ყველაზე მოსახერხებლად საგადასახადო და ადმინისტრაციული რეგულირების კუთხით.

2024 წლის დეკემბერს (3 და 23 დეკემბერს) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში „სპეციალური საგადასახადო რეჟიმების შესახებ“ და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №390 ბრძანებაში „სპეციალური საგადასახადო რეჟიმების გამოყენების შესახებ“ შევიდა ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეთა საქმიანობის რეგულირებას:

  • დაზუსტდა ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციის ფორმა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შემოსავლის მიღების მეთოდებს);
  • ზოგი ბიზნესისთვის გაიზარდა 1%-იანი გადასახადის მქონე მაქსიმალური შემოსავლის ზღვარი;
  • გარკვეულ საქმიანობებს კი მცირე ბიზნესის სტატუსით მინიჭება აეკრძალა.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ძირითად ცვლილებებს:

1. დეკლარაციის ახალი სტრუქტურა და მისი შევსების წესები
2. №390-ის ბრძანების მაგალითები
3. საქმიანობის ტიპები, რომლებზეც გაიზარდა შემოსავლის ზღვარი
4. რომელი საქმიანობისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი მცირე ბიზნესის რეჟიმი
5. ცვლილებების ამოქმედების ვადები

1. დეკლარაციის ახალი სტრუქტურა და მისი შევსების წესები

ადრე მცირე ბიზნესისთვის ყოველთვიურ დეკლარაციაში ერთი ველი იყო, სადაც აღნიშნავდნენ მთლიან შემოსავალს. ახლა განახლებული ფორმის მიხედვით (ბრძანება №999-ის დანართი №5, რომელიც შეიცვალა №390 ბრძანებით), შემოსავლები უნდა დაიყოს სხვადასხვა კატეგორიად:

  • მე-18 გრაფა - ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი (საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა):
  • მე-19 გრაფა — შემოსავლები, მიღებული POS-ტერმინალით.
  • მე-20 გრაფაუნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები (ბანკის გადარიცხვები, გარდა პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავლებისა).
  • 21-ე გრაფა — შემოსავლები სხვა ფორმებით (მაგალითად, ელექტრონული გადახდის სისტემების, „ოქროს გვირგვინის“ ან კრიპტოვალუტის საშუალებით).


საკასო მეთოდი
  • თუ იყენებთ საკასო მეთოდს, შემოსავლების გადანაწილება 18–21 გრაფებში სავალდებულოა.
  • 22–24 გრაფები საკასო მეთოდის გამოყენების შემთხვევაში არ ივსება.

დარიცხვის მეთოდი
  • იმ ინდმეწარმეებისთვის, რომლებიც იყენებენ დარიცხვის მეთოდს, დამატებით ასახვას ექვემდებარება:
  • საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, მაგრამ ჯერ არ მიღებული თანხები ( 22-ე გრაფა),
  • შემოსავლები, რომლებიც უკვე აისახა და დაიბეგრა წინა საანგარიშო პერიოდებში, მაგრამ ფაქტიურად თანხის მიღება მოხდა აღნიშნულ  საანგარიშო პერიოდში (23-ე გრაფა),
  • საანგარიშო პერიოდში მიღებული ავანსები (24-ე გრაფა).
  • დასაბეგრი შემოსავალი (მე-17 გრაფა) დარიცხვის მეთოდის შემთხვევაში გამოითვლება ფორმულით:
(18–21-გრაფების ჯამი)
+ (22-ე გრაფა )
– ( 23-ე გრაფა)
– (24-ე  გრაფა)

სავალდებულო ველების შევსება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად შეავსონ შემდეგი ველები:
  • მე-15 გრაფა — წლიური შემოსავლის დაგროვილი ჯამი (კალენდრული წლის დასაწყისიდან). აქ ითვლება ყველა სახის შემოსავალი, გარდა იმ შემოსავლებისა, რომლებიც იბეგრება საერთო წესით (მაგ., დივიდენდები, პროცენტები და ა.შ.);
  • 18–21 გრაფები — დეტალური შემოსავლის განაწილება თვის მიხედვით;
  • მე-18 გრაფა — ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი ;
  • მე-19 გრაფა — POS-ტერმინალით მიღებული თანხები;
  • მე-20 გრაფა — ანგარიშზე (ბანკში) მიღებულიშემოსავალი;
  • 21-ე გრაფა — სხვა ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც გადახდის წყაროსთან არ იყო დაკავებული (მაგ., Payoneer, PayPal, Wise სისტემებით მიღებული თანხები, ბარტერული ოპერაციებით მიღებული შემოსავლები და სხვ.).
მონაცემების შეყვანის შემდეგ მე- 16 გრაფა (გადასახადის განაკვეთი) და მე- 17 გრაფა (ჯამური დასაბეგრი შემოსავალი) ავტომატურად გამოითვლება.

2. №390-ის ბრძანების მაგალითები

მაგალითი 1 (საკასო მეთოდი)

სიტუაცია: გიორგის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეს, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობის ნაწილში 2023 წლის 10 თვეში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 300 000 ლარი, მათ შორის, ოქტომბრის თვეში – 30 000 ლარი. გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2023 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 150 000 ლარი, მათ შორის, ოქტომბრის თვეში ჩაერიცხა 50 000 ლარი. ამასთან, დამატებით, მან 2023 წლის განმავლობაში ნოემბრის თვემდე: − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიიღო პროცენტები 3500 ლარის ოდენობით; − ფართის იჯარით გაცემიდან საიჯარო ქირის სახით მიიღო შემოსავალი 80 000 ლარის ოდენობით; − რეზიდენტი საწარმოსგან ხელფასის სახით მიიღო 15 000 ლარის შემოსავალი.

დეკლარაცია:
მე-15 გრაფაში – 450 000 ლარი, რომელიც შედგება: − ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლისაგან წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით 300 000 ლარი. − სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავლისაგან წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით – 150 000 ლარი; ამასთან, მცირე ბიზნესის მიერ მიღებულ ერთობლივ შემოსავალში არ აისახება და 500 000 ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება: ფართის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები.
მე-16 გრაფაში – განაკვეთი 1%, ვინაიდან ამ საქმიანობის ფარგლებში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს
მე-17 გრაფაში – 80 000 ლარი (30 000 + 50 000) – მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი ოქტომბრის თვის მიხედვით;
მე-18 გრაფაში − 30 000 ლარი, სურსათის საცალო ვაჭრობით მიღებული თანხა;
მე-20 გრაფაში − 50 000 ლარი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული თანხა;
25-ე გრაფაში − 53 000 ლარი (3000 + 50 000) (მ.შ 3000 ლარი − იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეს, მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ გიორგის აღნიშნული შეღავათით წინა საანგარიშო პერიოდებში არ უსარგებლია. 50 000 ლარი − საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ვინაიდან 2023 წელს ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება);
26-ე გრაფაში − 270 ლარი ((80 000− 53 000)*1%).



მაგალითი 2 (დარიცხვის მეთოდი)

სიტუაცია: გიორგი, რომელიც წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ახორციელებს სამშენებლო მასალებით ვაჭრობას. 2024 წლის მაისის თვეში მყიდველისაგან ავანსად ჩაერიცხა 10 000 ლარი. ივნისის თვეში მყიდველს მიაწოდა 15 000 ლარის საქონელი. დარჩენილი თანხიდან მყიდველმა 2000 ლარი ჩაურიცხა იმავე (ივნისის) თვეში, ხოლო 3000 ლარი − ივლისის თვეში. ანგარიშსწორება განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით. იმ დაშვებით, რომ გიორგის სხვა საქმიანობა არ განუხორციელებია და საქონლის ღირებულება მოცემულია დღგ-ის გარეშე, დეკლარაციაში მონაცემები აისახება შემდეგ სახით:


მაისი:
ავანსად ჩარიცხული თანხა 10 000 ლარი აისახება მე-20 სტრიქონში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩარიცხული ავანსის თანხა, შემოსავლების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვის შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება, აღნიშნული თანხა იმავდროულად ექვემდებარება 24-ე სტრიქონში ასახვას. შესაბამისად, დასაბეგრი შემოსავლის (სტრ. 17), ერთობლივი შემოსავლის ნაზარდი ჯამის (სტრ.15) და საშემოსავლო გადასახადის თანხის (სტრ.26) გრაფებში აისახება 0 ლარი.

ივნისი:
მიწოდებული საქონლის ღირებულება სრულად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, შესაბამისად ნაზარდი ჯამის მე-15 სტრიქონში და დასაბეგრი შემოსავლის მე-17 სტრიქონში აისახება 15 000 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, საანგარიშო თვეში ანაზღაურებულია 2 000 ლარი, აღნიშნული თანხა აისახება მე-20 სტრიქონში, ხოლო სხვაობა 13 000 ლარი ( 15 000 ლარი − 2 000 ლარი) აისახება 22-ე სტრიქონში. 26-ე სტრიქონში აისახება 150 ლარი (15 000 *1%).

ივლისი:
იმის გათვალისწინებით, რომ 3 000 ლარი ანაზღაურებულია ივნისის თვეში მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, აღნიშნული თანხა არ იღებს მონაწილეობას მე-15 სტრიქონის გაანგარიშებაში, შესაბამისად აღნიშნულ სტრიქონში გადმოიტანება წინა თვის მე-15 სტრიქონში ასახული ნაზარდი ჯამი 15 000 ლარი. მე-20 და 23 სტრიქონებში აისახება 3 000 ლარი, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 0-ის ტოლი იქნება და მე-17 და 26-ე სტრიქონებში აისახება 0 ლარი.

3. რა სახის საქმიანობისთვის გაიზარდა შემოსავლის ლიმიტი?

ბრძანება №390-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებებს:

  1. 700,000 ლარიანი წლიური შემოსავლის ლიმიტი — 2025 წლის 1 იანვრიდან ამ ბიზნესებისთვის შემოდის ახალი ლიმიტი (მანამდე ლიმიტი 500,000 ლარი იყო ყველა ტიპის მცირე ბიზნესისთვის).
  2. დაბეგვრის განაკვეთი — თუ შემოსავალი 700,000 ლარს არ აღემატება, გადასახადის განაკვეთი რჩება 1%.
  • იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში რომელიმე თვეში შემოსავალი 700,000 ლარს გადააჭარბებს, განაკვეთი ხდება 3%.

4. რომელი საქმიანობები ვერ ისარგებლებენ მცირე ბიზნესის სტატუსით?

მთავრობის №415 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მშენებლობის სექტორის შემდეგი ტიპის შემოსავლები აღარ ექვემდებარება მცირე ბიზნესის საგადასახადო რეჟიმს:

  1. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა (სექციის კოდი 41.2 ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით);
  2. სამოქალაქო მშენებლობა (სექციის კოდი 42);
  3. სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურება (სექციის კოდი 43).
თუ ასეთი მომსახურება მიეწოდება ქართულ საწარმოს, ორგანიზაციებს ან მეწარმე ფიზიკურ პირებს, მათ მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით — 20%-იანი გადასახადით, რომელიც გამოითვლება შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის საფუძველზე და დეკლარაცია უნდა წარედგინოს ყოველწლიურად 1 აპრილამდე.

ცვლილებების მიზანი
ეს რეგულაციები მიმართულია იმ პრაქტიკის წინააღმდეგ, როცა ფიზიკური პირები რეგისტრირდებიან მცირე მეწარმეებად, თუმცა რეალურად ისინი დამსაქმებელს ექვემდებარებიან და დაქირავებულ თანამშრომლებად მუშაობენ. ამასთან, ასეთი საქმიანობა ართულებს ადმინისტრირებას და ზრდის საგადასახადო დავების რაოდენობას.
ახალი წესები მიზნად ისახავს თანაბარი საგადასახადო პირობების უზრუნველყოფას.

5. ცვლილებების ამოქმედების ვადები

  1. 2024 წლის დეკემბრიდან — დეკლარაციის შევსების ახალი წესები (ახალი გრაფები) ამოქმედდება დეკემბრის საანგარიშო პერიოდიდან.
  2. 2025 წლის 1 იანვრიდან — აგრო და ღვინის ტურიზმისთვის ამოქმედდება 700,000 ლარიანი ლიმიტი.
  3. 2025 წლის 1 თებერვლიდან — მშენებლობის სექტორის საქმიანობები (41.2, 42 და 43 კოდებით) გამოირიცხება მცირე ბიზნესის სპეციალური საგადასახადო რეჟიმიდან.

დასკვნები და რეკომენდაციები

1.მკაცრი კონტროლი მცირე ბიზნესზე
ახალი წესების შემოღებით, სახელმწიფო ამკაცრებს კონტროლს მცირე ბიზნესის საქმიანობაზე, რაც გამოიხატება უფრო დეტალური დეკლარაციის ფორმით და შემოსავლის ტიპების მიხედვით მათი ზუსტი გაწერის ვალდებულებით.
2.ლიმიტის ზრდა აგრო და ღვინის ტურიზმისთვის
მიუხედავად ამისა, აგრო და ღვინის ტურიზმის სექტორში ლიმიტის გაზრდა სახელმწიფოს სტიმულის ფორმით აღიქმება. სავარაუდოდ, ეს ცვლილება მიმართულია ამ სექტორების განვითარებისა და მათთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევისკენ.
3.მშენებლობის სექტორის რეგულაციის გამკაცრება
მშენებლობის სფეროში მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის შეზღუდვა საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, შეამციროს საგადასახადო დავები და უზრუნველყოს უფრო სამართლიანი პირობები როგორც მეწარმეებისთვის, ისე ბაზრის დანარჩენი წევრებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები დეკლარაციის ახალი წესების შესახებ ან გჭირდებათ პროფესიონალური მხარდაჭერა საგადასახადო აღრიცხვაში, Just Advisors მზად არის, დაგეხმაროთ. ჩვენ გთავაზობთ, სრულყოფილ კონსულტაციებს და ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენაზე, რათა თქვენ შეძლოთ მეტი დრო დაუთმოთ თქვენი ბიზნესის განვითარებას.
2018 წლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ 70-ზე მეტ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან და მოხარული ვიქნებით, თუ თქვენც შემოუერთდებით მათ!
სასარგებლო იყო ინფორმაცია? გაგვიზიარე შენი აზრი
ასევე წაიკითხეთ
გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram