ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ შრომითი იმიგრანტების რეგისტრაციის პროცედურა ჯანდაცვის სამინისტროს ერთიან ბაზაში

მარინა ფიდუაშვილი, იურისტი, JUST Advisors-ის პარტნიორი
2023 წლის 23 აგვისტო
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა №291 დადგენილება „საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში ადგილობრივ დამსაქმებელთან რეგისტრაციის წესის შესახებ“, რომელიც ძალაში შედის 2023 წლის 1 სექტემბრიდან და შესაბამისად სავალდებულო გახდება შესასრულებლად ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის.
ჩვენ დეტალურად მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ შრომითი იმიგრანტის მარტივად და დროულად  ჯანდაცვის სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებისთვის.

ადგილობრივი დამსაქმებელის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის წარსადგენი ანგარიშები

  • 1
    ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, დადგენილების წესის შესაბამისად.
  • 2
    დადგენილების დანართის ფორმით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დამატებით, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი (ქართულ ენაზე).
  • 3
    ადგილობრივმა დამსაქმებელმა შრომითი იმიგრანტის სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია უნდა განახორციელოს ამ შრომით იმიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში.
  • 4
    ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს სამინისტროს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გახანგრძლივების დღიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში.

ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შრომითი იმიგრანტის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი

  • ადგილობრივი დამსაქმებელი შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ვადის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციის წარდგენას ახორციელებს ასევე ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: labourmigration.moh.gov.ge.
  • ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულების ასლს ელექტრონული ფორმით ტვირთავს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის ფორმის სრულად შევსების შემდგომ.
  • სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ანგარიშების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე მიღებული ანგარიშების საფუძველზე აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას.
  • სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების შესახებ ინფორმაციაზე სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების ხელმისაწვდომობას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

თუ თქვენ ხართ ადგილობრივი დამსაქმებელი და გსურთ თქვენი იმიგრანტი დასაქმებული დაარეგისტრიროთ ჯანდაცვის სამინისტრროს მონაცემთა ერთიან ბაზაში დაგჭირდებათ შემდეგი ფორმის შევსება თითოეული იმიგრანტი დასაქმებულისთის.

პასუხსიმგებლობა

  • ადგილობრივი დამსაქმებელის მიერ შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა — გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – 2 000 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარე შენი აზრი

გაქვთ შეკითხვა?
მარია გუსეინოვა
კომერციული განყოფილების წამყვანი მენეჯერი
უბრალოდ შეავსეთ ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის დახმარებით ან მოგვწერეთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში: WhatsApp, Telegram